14 თებერვალი სიყვარულის დღეა. საყვარელი ადამიანის გვერდით, ყოველი დღე დაუვიწყარია, მაგრამ სიყვარულის დღეს შანსი გაქვთ, ეს დღე განსხვავებული, ლამაზი და მხოლოდ სიყვარულისთვის მიძღვნილი იყოს.
განსაკუთრებული დღის მოსაწყობად არ არის აუცილებელი ბევრი ფული. მთავარი მონდომება და სიყვარულია. მდიდრული რესტორნისა და შამპანურის ზღვის გარეშეც მოახერხებთ, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანს მიუძღვნათ.
დილიდანვე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ეს დღე სხვებისაგან განსხვავდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღეა და ალბათ მეუღლეს სამსახურში ეჩქარება, სცადეთ მაინც შეახსენოთ, რომ სიყვარულის დღეა და საღამოს, მოუთმენლად დაელოდებით მის დაბრუნებას. მოუმზადეთ საუზმე სიყვარულის თემაზე. ამისათვის გამოიყენეთ სასიყვარულო წარწერებიანი ან გულებით მოხატული ჭურჭელი. ან უბრალოდ, ყავასთან ერთად, გულის ფორმის ნამცხვარი ან კარაქიანი პური შესთავაზეთ.
გარწმუნებთ, კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ გიყვართ და მასზე ფიქრობთ, აუცილებლად გაუხარდება. შეგიძლიათ პიჯაკის ჯიბეში პატარა წერილი ჩაუცუროთ. მიაკარით გულის ფორმის ფურცლები მაცივარზე, მანქანის საჭეზე, საქაღალდეზე. მოკლედ, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეთ და მთელი დღე ,,აიძულეთ,, თქვენზე იფიქროს.
სამსახურში მისულს, თუ რომანტიკულ ვახშამზე მოსაწვევი დახვდება, ვფიქრობ უნდა მოეწონოს. დაიმხასოვრეთ, რჩევების მიხედვით ბრმად მოქმედება, ყოველთვის არ მოიტანს კარგ შედეგს. თქვენ ყველაზე უკეთ იცით რა გაუხარდება საყვარელ ადამიანს და ეცადეთ არ გადაამლაშოთ.
შეეცადეთ ამ დღისთვის ისეთი რამის გაკეთება დაგეგმოთ, რასაც დიდი ხანია ცდილობთ და დრო ვერ გამონახეთ. მნიშვნელობა არა ქვს ეს უბრალოდ, ქუჩაში სეირნობა იქნება თუ მთვარის შუქზე მისთვის ლექსის მიძღვნა.
დღეს ყველაფერი სიყვარულს დაუკავშირეთ. თუ რესტორანში წასვლას არ დაგეგმავთ, რომანტიკულ ვახშამზე იფიქრეთ. სუფრა ლამაზად გაშალეთ. ვარდის ფურცლები და ზოგადად წითელი ფერი, სიყვარულის დღეს ძალიან უხდება.
ნუ გადაიღლით თავს ვახშმის მზადებით და ისე ნუ იზამთ, რომ საღამოს, როცა სანთლის შუქზე მარტო აღმოჩნდებით, დაღლილი დაძინებაზე ოცნებობდით.
მსუბუქი ვახშამი და სასიამოვნო გარემო, ერთად გატარებული ლამაზი დღეების გახსენება, ბევრად უფრო ნოყიერი აღმოჩნდება, ვიდრე ვახშამი.
ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოეწყვეთ. არ დაგავიწყდეთ მისი საყვარელი კაბის და თეთრეულის ჩაცმა.
შეიძლება ეს რჩევები არ გაითვალისწინოთ და თქვენებურად აქციოთ სიყვარულის დღე დღესასწაულად. მთავარი ძვირფასი საჩუქრები კი არა, მონდომება და სიყვარულია. თუ ჭეშმარიტ სიყვარულთან გვაქვს საქმე, თითოეული ჟესტი და ყურადღების გამოხატულება დასაფასებელია.
გისურვებთ სიყვარულს და ბედნიერებას!
|