სათვალე გავიკეთე და გამოვედი... არა, არ გამოვედი, გავეცალე... ერთი, ორი, სამი, ოთხი... მივაბიჯებ და ნელ-ნელა შორს რჩება ის, საიდანაც წამოვედი. ცხელა, ძალიან ცხელა, მაგრამ არაუშავს! ადრე ასეთ დროს გული აჩქარებით მიცემდა ხოლმე და ყელში ბურთი მეჩხირებოდა, ახლა მსგავსი არაფერია. უბრალოდ წამოვედი, ისე, როგორც მიდიან ხოლმე ადამიანები ყოველ დღე, კარის გახურვით და აუჩქარებელი ნაბიჯებით. ვითომც არაფერი...
სად მივდივარ? ლესელიძეზე, როგორც ყოველთვის, როცა ვერ ვიგებ ჩემგან რა უნდათ; როცა, აი, ისე, ვითომც არაფერიო, კარს ვიხურავ და მივდივარ.
უკვე შორს ვარ და ისევ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ასეა, როცა რაღაც ძალიან ცუდი ხდება, მშვიდად ვარ. ხოლო როცა უმნიშვნელო სისულელეს გადავეყრები - მთელი დღე ვნერვიულობ.
მივდივარ ჩქარი ნაბიჯებით. როგორც ყოველთვის, შუა გზაში ტელეფონს ვთიშავ, ჰა-ჰა! რა კარგია როცა იცი რომ ვერავინ დაგიკავშირდება რომც გასკდეს რეკვით! საათსაც ვიხსნი ხელიდან, თითქოს სუნთქვაში მიშლიდა ხელს. ახლა უკვე აღარ ვიცი რომელი საათია.
მიწისქვეშეთში ბევრი ხალხი ფუსფუსებს. კიბეზე შავებში ჩაცმული შუა ხნის ქალი ზის და ხელში წარწერა უჭირავს „მარტოხელა ვარ, ობოლს ვზრდი". რა უსუსური არგუმენტია დახმარების სათხოვნელად! მივუჯდები და დავიწერ „შეურაცხყოფილი ვარ, ტელეფონი გამოვრთე"... საკუთარ ფიქრებზე მეღიმება. რა კარგ ხასიათზე ვარ?! არა კარგ ხასიათზე კი არ ვარ, კარგი ხასიათის ვარ, თორემ არ წამოვიდოდი, დავრჩებოდი და პანდორასავით ისეთ ყუთს ავხდიდი თავს, მერე თავადაც რომ მომიწევდა ამოსული მაჯლაჯუნებისგან დამალვა.
აი ლესელიძეც. აი ჩემი სკამიც. აქ ვზივარ ხოლმე, მარტო. ვინმესთან ერთად როცა ვარ, არ ვიმჩნევ რომ ეს ადგილი ასე მიყვარს. ცოტა ხანი ჩამოვჯდები, ზუსტად რამდენი, არ ვიცი. საათი არ მაქვს და თან გამორთული ან გასული ვარ მომსახურების ზონიდან.
აქედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, იმპრესიონისტული ტილოსავით მოვლენებს შორიდან უნდა შეხედო თორემ ახლოდან აზელილი ფერებია და მაინც ვერაფერს გაიგებ... ამიტომაც უნდა წამოხვიდე, გაეცალო შენს სამყაროს. დაე, დროსაც შენს გარეშე მიემატოს წუთები და წამები. ეს ჩემი ცხოვრებაა, რომელიც მოულოდნელად ზედმეტად გადაიტვირთა ბევრი ცუდი რაღაცით და უბრალოდ დამღალა, მაგრამ ჩემია. სხვისი რომ იყოს, იმ სხვას დავაბრალებდი... აქ მე ვარ მთავარ როლში, სცენარი ჩემ ხასიათზეა მორგებული და სიუჟეტის ჟანრსაც მე წარვმართავ... ახლა სიჩუმეა, სიმშვიდე (მშვიდობაც) და მუსიკა ისმის: ადგილი - თბილისი, დრო - უცნობი, პერსონაჟი - მე და ჩემი მარტოობა.
ავტორი: ვიკა თხლაშიძე. |