 უყურებთ თქვენს შვილს და გაოცებული ხართ: არც თუ ისე დიდი ხნის წინ ის ხელში გეჭირათ, აჭმევდით, ანანავებდით... გეჩვენებათ, რომ სულ ახლახანს იყო, პირველი სიტყვა რომ წარმოსთქვა; ფეხი რომ აიდგა; საბავშვო ბაღში რომ მიიყვანეთ... მერე სკოლაში... როგორ სწრაფად გარბის დრო. სწრაფად გაიელვა მშვენიერმა წლებმა. თქვენი პატარა უკვე დიდია. დადგა მომენტი, როცა მასში მოზარდმა გაიღვიძა. ეს მომენტი მშობლებისათვის ყოველთვის მოულოდნელად დგება. მაგრამ, როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ეს სინამდვილეა, უნდა შეურიგდეთ იმ აზრს, რომ წინ გელით კიდევ რამდენიმე წელი, სანამ თქვენი შვილი გადალახავს ამ არც თუ ადვილ ცხოვრებისეულ ეტაპს. ეს პერიოდი მშობლებისთვის ყველაზე ძნელია, მაგრამ არც თვითონ მოზარდისთვისაა იოლი. ეს ხომ ის ასაკია, როცა სურვილი გიჩნდება ხელში დაიჭირო მთელი სამყარო და იცხოვრო სწორი გადაწყვეტილებებით (ყოველ შემთხვევაში ასე გეჩვენება საკუთარი გადაწყვეტილებები), გყავდეს გვერდით ახლობელი ადამიანები, ნამდვილი მეგობრები.
მოზარდის ასაკი ყოველთვის აღსავსეა წინააღმდეგობებით. სწორედ ამ დროს მის პიროვნებაში ყალიბდება მთლიანად ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები და ხასიათები; მის სულში ირევა სრულიად განსხვავებული ემოციები. მას შეუძლია საკუთარი აზრი შეცვალოს კარდინალურად, თანაც მრავალჯერ. მოზარდი მთელი თავისი არსებით ეძებს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს.
რა ხდება? პასუხი მარტივია _ თქვენი შვილი ზღვარზეა ბავშვობასა და დიდობას შორის. ეძებს საკუთარ გზას ცხოვრებაში. გზას, რომელიც უკვე აღარ ემთხვევა მშობელთა წარმოსახვას და სურვილებს; გზას, რომელიც მიიყვანს გუშინდელ ბავშვს მომავალ ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ პიროვნებამდე. ეს გზა ძალიან ძნელი და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. მოზარდს გადასალახი აქვს მშობელთა ინერტულობა, რომელთაც კვლავ ვერ მიუღიათ თავიანთი შვილის "მე", შეპყრობილნი არიან შემბოჭველი აზრებით და მოლოდინებით, უჭირთ გარკვევა იმაში, თუ რა ხდება მის სულში. ეს იმ მომენტში თვითონ მოზარდმაც კი არ იცის. იცის მხოლოდ ის, რომ უნდა იაროს წინ, მომავლისაკენ - რაც შეიძლება მალე მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ჰქონდეს დიდი ადამიანის ქცევები, პასუხისმგებლობები, დამოკიდებულებები.
ამ პერიოდს გარდატეხის ასაკს უწოდებენ. გარდატეხის ასაკში ბავშვები ძალიან იცვლებიან. ადრე თუ გვიან ეს ელის ყველა ოჯახს. ამ ცვლილებების მიღება განსაკუთრებით იმ მშობლებს უჭირთ, რომლებიც პირველად აღმოჩნდნენ იმ ქარიშხლის გზაზე, რასაც "მოზარდი" ჰქვია. რა თქმა უნდა ყოველი ცვლილება გვაშფოთებს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ ასაკის ყველა უარყოფითი მხარე ტრაგიკულად აღიქვათ. ყოველთვის გახსოვდეთ ყველაზე მთავარი - თქვენი შვილი, ისევე როგორც ადრე, საჭიროებს თქვენს სიყვარულს და გაგებას. ამიტომ არ ინერვიულოთ - თქვენ მარტო არა ხართ ამ საქმეში და ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან უკვე ვიღაცამ ეძება გამოსავალი. იქნებ იპოვა კიდეც?! გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და დაგვიტოვეთ კომენტარები ამ თემაზე!
ავტორი: ემილი.
|