"ეს არ იყო პეტერბურგში" - ეს ვენეციაში მოხდა...
ყველაზე უცნაური - წარმოუდგენლად უცნაური შეხვედრა გამოვიდა - კაცმა რამდენიმე საათის შემდეგ, ზუსტად ამ რემდენიმე საათის წინ გაცნობილ ქალს გულწრფელად უთხრა რომ იმპოტენტია... და ქალმა უპასუხა: ოოო - ეს არაჩვეულებრივია! ე.ი. ჩვენ შევძლებთ ბევრი ვისაუბროთ, ვიძინოთ და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთი...
მაშ ასე: სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და აღიარებული მწერლის და - ნამდვილი კინოვარსკვლავის, საოცარი ქალის "LOVE STORY" გელით ახლა ჩემგან...
ერიხ მარია რემარკს + მარლენ დიტრიხი =
ყველაზე ნაკლებად სექსი სჭირდებოდა ამ ორ ადამიანს ცხოვრების ამ ეტაპზე... თუმცა - აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობამ განკურნა რემარკის სხეულიც და სულიც...
მარლენი 19 წლის ასაკში გააუპატიურა ვიოლინოს პედაგოგმა - მოგვიანებით მოგონებებში დაწერს რომ - მისთვის მტანჯველ მოგონებად იქცა წითელი დივანი და ამაზრზენი არსება, რომელიც ხროტინებდა მასზე და შარვლის გაუხდელად დააკარგინა ქალწულობა... რემარკი - მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (39 წლის) - თავზე ,,წისქვილისქვადატრიალებული" რთული ბიოგრაფიით - გარეგნულად - უდარდელი დენდი და მექალთანე - რეალურად კალვადოსის ამარა დარჩენილი, კრიზისში მყოფი - უკვე დიდი მწერალი იყო...
მოულოდნელიც არაფერი მომხდარა - წინააღმდეგობებით აღსავსე, ურთულესი ურთიერთობები გამოუვიდათ... - არანორმალური, ავადმყოფური სიყვარული, მუდმივი ეჭვიანობა, განშორებები და წერილების ზღვა, ეს ყველაფერი - ფინალამდე...
ერთხელ რემარკი - ვერ გაუძლებს ცდუნებას და - ჟან გაბენთან გადასახლებულ მარლენს სახლში მიაკითხავს... და აი აქ იწყება კერპის მსხვრევა - მისი სათაყვანებელი დედოფალი ხვდება - მუხლებზე ,,დაცემული", იატაკის ტილოთი ხელში (რაღაცნაირად - ,,თმაგარდატევებული და უხამური - ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი" გამახსენდა ამის წარმოდგენაზე... მისთვის - უფრო დამამცირებელი სანახაობა იყო ალბათ)... ,,დიასახლისი" - ჩაწერს ერთგვარი ზიზღით საკუთარ დღიურში...
წლების მერე მარლენი მიწერს რემარკს - როგორ შეიცვალა ყველაფერი, შენ მარტო ჩემი რავიკი აღარ ხარ, რავიკი ყველასია... მე კი ვინ ვარ - დაფლეთილი ოქროს პუმა...
მარლენმა 21 წლით მეტი იცოცხლა ერიხზე... თეთრი ვარდების თაიგული გაუგზავნა დაკრძალვაზე, მაგრამ - ერიხის მეუღლემ - პოლეტ გოდარმა (საინტერესო პერსონაა ისე - ორი უდიდესი კაცის - ჩარლი ჩაპლინის და რემარკის ცოლობა ,,მოახერხა"...) - ვარდებიც კი არ მიიღო მარლენისგან...
რაც შეეხება ამ საოცარი ქალბატონის ,,ფინალს" - 91 წლის ასაკშიც კი გადაწყვიტა - საკუთარი ხვალინდელი დღის ,,მჭედელი" თვითონ ყოფილიყო და სუიციდით დაასრულა სიცოცხლე... როგორც წესი კი არა და - ამ ასაკში გახსენდებათ ვინმე თვითმკვლელი?... მე - არა... (გუდული ბერეჟიანს ნუ შემახსენებთ - პერსონაჟია... ) ეს ის ასაკია - დღეებს კი არა - წუთებს რომ იზოგავ პათოლოგიური სიძუნწით და არცერთი ამოსუნთქვა არ გემეტება... - ნუ, თუ რა თქმა, უნდა - ალცჰაიმერმა არ მოგიკაკუნა...
P.S. არადა - ,,ტკბილ ლუკმებს" ზუსტადაც პოსტ სკრიპტუმისთვის ვინახავ
მარლენმა - სიკვდილის წინ საკუთარი დაკრძალვის სცენარი დაწერა. სიუჟეტის მიხედვით - მისი ცხოვრების მამაკაცები - მის ბოლო გზაზე გასაცილებლად - მიხაკებით ხელში მოდიან...
და სცენარის მიხედვით - რემარკმა ცერემონიას ვერ მიუსწრო...
ავტორი: ლიკა მახათაძე
2020-03-31.
|