 ყველაზე ჰარმონიული წყვილის ცხოვრებაშიაც კი ხდება ხოლმე წყენა, გაბრაზება და მით უფრო გაბუტვა. ეს ბუნებრივია და სანერვიულოდ არ ღირს. მთავარია სიტუაციის მართვა იცოდეთ და თითო-ოროლა გაბუტვა ურთიერთობას ვერაფერს დააკლებს.
თუ საქმე წყენასთან ან ბრაზთან გვაქვს, აქ სერიოზულად დაფიქრება და ორ ადამიანს შორის საუბარია საჭირო. თუ ურთიერთობა ჯანსაღია, საუბრით და გულახდილობით ყველა პრობლემა გვარდება ხოლმე. გამოსავალი ყოველთვის არის და ორი ადამიანი მას უფრო ადვილად პოულობს. თქვენს შემთხვევაშიაც ასე მოხდება. თუ გიჭირთ გულახდილობას მიაღწიოთ, ან უბრალოდ საუბრობთ და ერთმანეთის მაინც არ გესმით, ალბათ იმაზე უფრო უნდა იფიქროთ, ღირს თუ არა ასეთი ურთიერთობა.
დამეთანხმებით, გაბუტვა ბრაზისგან ბევრად განსხვავდება. იმაშიაც დამეთანხმებით, რომ ქალებს უფრო გვეხერხება ბუტიობა.
კაცებს, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვასწავლოთ: გაბუტვა ეს არის უკმაკოფილების გამოხატვის ხერხი, რომელიც შორსაა ბოღმისა და ბრაზისგან და ყურადღების მიქცევის ხერხი უფროა, ვიდრე ჩხუბის სურვილი. გაბრაზება სერიოზულ ,,ქირურგიულ,, ჩარევას საჭიროებს. უნდა გაარკვიოთ ბრაზის მიზეზი, ისაუბროთ ამაზე და ერთად გადაწყვიტოთ დასმული პრობლემა. გაბუტვა ადვილად განკურნებადია და ერთი კოცნით იკურნება (ან ორით).
თუ ერთ დღესაც გეუბნებათ, რომ თქვენი ნახვა არ უნდა. არ პასუხობს ზარს და შეტყობინებას. იმ შემთხვევაში თუ თქვენს გვერდითაა, ზურგს გაქცევთ და აღარ გელაპარაკებათ. საქმე გაბუტვასთან გვაქვს! მაგრამ ბრაზში რომ არ აგვერიოს, ჩაატარეთ ცდა. მოეფერეთ ბუტიას. აკოცეთ და შეეცადეთ გააცინოთ. (გააღიმოთ მაინც). რა თქმა უნდა იუარებს, მაგრამ თუ მის უარს დაყვებით, აღარ მოეფერებით და ,,ბედს შეეგუებით,, მხოლოდ გაბუტვას აღარ დაგჯერდებათ.
როგორც წესი, ბუტიები მალევე ურიგდებიან ხოლმე ,,გაბუტვის ობიექტს,,. თუ დიდხანს გასტანა და ეჭვი გეპარებათ, რომ უკვე სერიოზულ გაბრაზებასთან გვაქვს საქმე, უთხარით, რომ მისი საქციელი გულს გტკენთ. ყველაზე პრეტენზიული ბუტიაც კი მაშინვე შეგირიგდებათ. მას თქვენი გულის ტკენა კი არა, მოფერება უნდოდა და ამიტომაც გაიბუტა. მიხვდება რომ ზედმეტი მოუვიდა და არა მხოლოდ შეგირიგდებათ, მოგეფერებათ კიდევაც. (ის მაინც არ დაავიწყდება, რომ მოფერებისთვის გაიბუტა)
გახსოვდეთ, ქალი ერთადერთი სულიერია, რომელიც ძალიან ბევრს ითხოვს, მაგრამ უმცირესი ყოფნის ბედნიერებისთვის. ნუ დაინანებთ იმ უმცირესს და ბუტიას შემორიგებაც იშვიათად დაგჭირდებათ.
|