წინ ბევრი კარგი დღე გველის, მაგრამ არის ერთი დღე, რომელიც ყველას, დიდსა თუ პატარას, საოცრად ხალისიანსა და ონავარს გვხდის. ...და ეს დღე ძალიან მალე დადგება! სწორად გამოიცანით! საუბარია 1 აპრილზე - დღეზე, როდესაც "მოტყუება ადვილია"! მოდით, ყველამ ერთად ავამუშაოთ ფანტაზია და მოვიფიქროთ, როგორ ვეხუმროთ ამ დღეს ახლობელ ადამიანებს!
თუმცა, სანამ საქმეზე გადავალთ, ჯერ დაფიქრება გვმართებს. უნდა ვეცადოთ, რომ ხუმრობა უწყინარი გამოგვივიდეს. ამ დღეს უნდა მოვერიდოთ ისეთ ადამიანებთან ხუმრობას, ვინც "ხუმრობაზე აცრილი არაა", ან ადვილად გამოდის წონასწორობიდან და კიდევ ასაკოვან ხალხთან, განსაკუთრებით ისეთებთან, ვისაც სუსტი გული აქვთ. მათ შეიძლება ვერ გაიგონ ჩვენი იუმორი და გაგვინაწყენდნენ. ასევე არ ღირს სამსახურში უფროსთან ხუმრობა, განსაკუთრებით ჩავარდნილ კონტრაქტზე. ხუმრობის თემა არ უნდა უკავშირდებოდეს ადამიანების გარეგნობას, მათ ნაკლს. ხომ გახსოვთ ატირებული პუტკუნა გოგონა ფილმში "ღიმილის ბიჭები", როცა მეგობრებმა 1 აპრილს უთხრეს: "ძალიან გამხდარხარო", შემდეგ კი დააყოლეს: "დღეს 1 აპრილიაო!". ჩვენი ხუმრობა ვინმესთვის უხერხულობისა და უსიამოვნების მომტანი არ უნდა იყოს. 1 აპრილი შურისძიებისა და ბოროტების დღე კი არ არის! ეს ყველაზე ორიგინალური ხუმრობების დღეა, როდესაც "ხუმარაცა" და "მსხვერპლიც" გულიანად იცინიან.
ისტორია: არსებობს რამოდენიმე ვერსია ამ დღის წარმოშობისა. ერთი ვერსიით, ადათი, რომ წელიწადში ერთხელ გახუმრებოდნენ ერთმანეთს, შემოვიდა საფრანგეთში XVI საუკუნეში, როდესაც ახალი წლის დღესასწაული გადაიტანეს 1 აპრილიდან 1 იანვარს. ადამიანები ჩვეულებისამებრ აგრძელებდნენ დღესასწაულის აღნიშვნას 1 აპრილს და ამიტომაც დაერქვა ამ დღეს ტყუილების დღე. მეორე ვერსიით, ამ დღესასწაულის დაარსება ჯერ კიდევ ძველ რომში მოხდა, სადაც თებერვლის შუა რიცხვებში (და არა 1 აპრილს) აღნიშნავდნენ ბრიყვების დღეს. და კიდევ, ძველ ინდოეთში უხსოვარი დროიდან არსებობს ხუმრობების ტრადიცია და ეს დღე აღინიშნება 31 მარტს.
ახლა კი მოვიფიქროთ, როგორ ვიხუმროთ! მოდით, ასე მოვიქცეთ, აბაზანაში გადავღვაროთ კბილის პასტა და მის მაგივრად ჩავასხათ ტუბიკში მაიონეზი. ეს ღამით უნდა გავაკეთოთ, დილით კი შთამბეჭდავი სანახაობით დავტკბეთ! ან ასეთი ვარიანტი: გადავწიოთ საათზე და მობილურზე დრო უკან, გავაღვიძოთ ქმარი დროზე ადრე და გავუშვათ სამსახურში. დაე, ისიამოვნოს ადრიანად დაწყებული დღით და მთელი დღის მანძილზე გვიგზავნოს მხურვალე მესიჯები! სახალისო იქნება თუ სამსახურში საპირფარეშოსთან გავაკრავთ განცხადებას: "საპირფარეშოში შესვლა მხოლოდ 1-ჯერ დღეში, მე-2 შესვლა - 10 ლარი, მე-3 შესვლა - 20..." ან განცხადება გავაკეთოთ ქალებისა და მამაკაცების საპირფარეშოების ადგილების გაცვლის თაობაზე. ან კიდევ, თუ თანამშრომლები კომპიუტერის მაგიდებით ახლოს სხედან ერთმანეთთან, გადავრთოთ მათი კომპიუტერის თაგვები ერთმანეთის კომპიუტერებზე და ვიხალისოთ! ეს ჩვენი ვერსიებია, თქვენ კიდევ იფიქრეთ ამ თემაზე და თუ რამე ორიგინალურს და სასაცილოს მოიფიქრებთ და მოიმოქმედებთ, არ გამოგვაპაროთ! ჩვენს ფორუმში უკვე გახსნილია თემა "დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" სადაც შეგიძლიათ დაგვიწეროთ თუ როგორ წარმატებულად იხუმრეთ, ან აპირებთ ხუმრობას 1 აპრილს. პერლა გისურვებთ ხარისხიან მხიარულებას!
ავტორი: ემილი.
|