მამაკაცები სიყვარულის პირველსავე გაელვებიდან სამუდამო ერთგულებას გვპირდებიან, მზად არიან ბევრი რამ გვაპატიონ, ხაზი გადაუსვან ყველაფერს ცუდს და ახალი ფურცლიდან დაიწყონ ურთიერთობა. მაგრამ, როგორც ცნობილია, ანთებულ სასიყვარულო გრძნობას ჩაქრობის უნარიც გააჩნია და როდესაც ეს მოხდება, მამაკაცი ხედავს მის წინაშე ქალს - მთელი თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით. მამაკაცის თვალში ქალის ნაკლოვანება ყოველთვის როდი ამაღლებს მის ღირსებებს. მისთვის არსებობს ბევრი ისეთი რამ, რომელთა პატიებაც უბრალოდ შეუძლებელია. მოცემულ სიტუაციაში მას სიყვარულიც კი არ ეხმარება, რადგანაც ასეთ დროს არანაირ სიყვარულზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე სუფთა გრძნობასაც აქვს ზღვარი, რომლის გადაბიჯებისას უკან ვეღარ დაბრუნდები.
სად გადის ზღვარი და რა არის ის - რისი პატიებაც მამაკაცს არ შეუძლია?
ღალატი
პირველი, რის პატიებასაც მამაკაცი ვერასოდეს შეძლებს - ეს არის ღალატი საყვარელი ქალისაგან. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ და თანაც ღალატს ისინი პირველები იწყებენ. მათ თუ ვკითხავთ, მამაკაცებისთვის ღალატი დიდად ამაღელვებელ მომენტს არ წარმოადგენს, რადგან მხოლოდ სხეულით ღალატობენ. ისინი ხომ მამრები არიან, რომლისთვისაც მრავალფეროვნება აუცილებელია. მაგრამ თუ ღალატობს ქალი, ეს მამაკაცისთვის სამყაროს დასასრულს ნიშნავს, რადგან ქალი ღალატობს არა მხოლოდ სხეულით, არამედ სულითაც. აქედან გამომდინარე, მამაკაცი აკეთებს დასკვნას, რომ მისი დღეები დამთავრდა, რომ ის უკვე სექსუალური თვალსაზრისით აღარ აღელვებს ქალს. მას თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას ასეთი რამ აიტანოს როგორც არ უნდა მოინდომოს.
წამყვანი როლი
ხშირად ისეთი შემთხვევებიც ხდება, როცა ქალი მამაკაცზე გაცილებით მაღლა აყენებს საკუთარ თავს, რაც ძალიან მოქმედებს მათ ურთიერთობაზე. ეს ხომ გენეტიკაა - მამაკაცს მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს ოჯახში. ეს წესი ცხოველებშიც კი მოქმედებს. ...თავიდან ეგუებიან კიდეც ამ სიტუაციას - დაე, შემოჰქონდეს ქალს მეტი ფული ოჯახში, არჩენდეს ოჯახს... მაგრამ საკმარისია მინიშნებაც კი გააკეთოს ქალმა იმაზე, რომ მამაკაცზე მაღლა დგას და... სავსებით შესაძლებელია მეტად ეს მამაკაცი თვალითაც ვეღარ იხილოს.
უწესრიგობა
ძალიან ბევრია დამოკიდებული ქალის გარეგნობაზე. ხშირად სწორედ ის შეიძლება იყოს მამაკაცის განერვიულების მიზეზი. მაგალითად, რაღაც უცნაური და გაუგებარი ფორმის ბიგუდები თავზე, რომელიც სულაც არ ამშვენებს მას; ნიღაბი სახეზე, რომელიც უსიამოვნო ყოველდღიურობა ხდება მამაკაცისთვის; ან თმადაუვარცხნელი, პირდაუბანელი, მოუვლელი და მოუწესრიგებელი ქალი სახლში... სამაგიეროდ ბაზარში წასასვლელადაც კი საათობით იპრანჭება! ეს ყველაზე მეტად აცოფებს მამაკაცს, რადგანაც ფიქრობს, რომ მისი რჩეული უფრო მეტად ცდილობს სრულიად უცხო ადამიანებს მოაწონოს თავი, ვიდრე მას.
უჭკუობა
გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მამაკაცს შეეფერება უფრო ჭკვიანი ქალი, ვიდრე ჩურჩუტი, რადგან შეუძლებელია სისულელეების ხშირად მოსმენა. ქალი სწორი აზროვნებით და ჯანსაღი იუმორით მამაკაცებში მხოლოდ მოწონებას იმსახურებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჭკვიან ქალს არა აქვს ის თვისებები, რომლებიც მამაკაცს წონასწორობას აკარგვინებს და აცოფებს, რომლებიც მათ ურთირთობას აცივებს და წყვილს შორის უფსკრულს აჩენს. მამაკაცების აზრით, ქალი უნდა იყოს ჭკვიანი, რომელიც პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახს დააყენებს, სათანადოდ დააფასებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
ავტორი: ემილი.
|