ოჯახური იდილია ყველაზე მთავარია ნებისმიერი ადამიანისათვის. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახში მთავარია სიყვარული სუფევდეს და ყველაფერი რიგზე იქნებაო. მაგრამ არ დაიჯეროთ! - სიყვარულით შექმნილ ოჯახებშიც კი ძნელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები და პრობლემები.
როგორც წესი, ბედნიერება ორივე მეუღლისათვის თანაბარი ოდენობით უნდა იყოს. ცოლ-ქმარისათვის უპირველესი ამოცანაა უზრუნველყოს მეორის ბედნიერება. რა ვქნათ ჩვენ, დისახლისებმა, თუ მეუღლეს ოჯახის გარდა ათასი სხვა საფიქრალი აქვს, გადაღლილია და ნერვიულობს? - პირველ რიგში მიზნად უნდა დავისახოთ, რომ მას ყოველთვის სახლში - ჩვენთან მოუხაროდეს და სიმშვიდეს სხვაგან არ ეძებდეს. ამისათვის შემდეგი 10 რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:
1. ყოველთვის შეეგებეთ ქმარს სიხარულით.
მამაკაცს ხომ ყოველდღიურად უწევს სახლიდან გასვლა. უნდა შეეცადოთ დაბრუნებულს სასიამოვნო წუთები შეუქმნათ. არ დაფაროთ თქვენი სიხარული შეხვედრისას, სიყვარულით მიეგებეთ, გალამაზებული და მოწესრიგებული დახვდით, საუბარი დაიწყეთ კარგი სიახლეებით. ცუდზე კი კრინტი არ დასძრათ, სანამ არ დაისვენებს. პირველ რიგში მან უნდა იგრძნოს, რომ მონატრებული ელოდით. მისი მოსვლისთვის ყველაფერი დალაგებული უნდა გქონდეთ - საჭმელი მომზადებული და სუფრა გაშლილი. საუბრისას იყავით წყნარი და ალერსიანი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიმშვიდე და სიყვარული - ეს ის უპირველესი რამაა, რაც მას სჭირდება.
2. მოუარეთ თავს.
იყავით ყოველთვის სასურველი, ლამაზი და მოვლილი, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ატარეთ ლამაზი სამოსი, გამოიყენეთ კარგი ხარისხის ზომიერი კოსმეტიკა, მოიწესრიგეთ ვარცხნილობა, გამორიცხეთ მისთვის მიუღებელი მორთულობა, ტატუ, თუ სხვა რამ. ეცადეთ, გაითვალისწინოთ მისი გემოვნება. არასოდეს იუაროთ მასთან ახლო ურთიერთობა. ამისათვის შეარჩიეთ შესაფერისი დრო, იზრუნეთ პირად ჰიგიენაზე და იმაზე, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ.
3. დაკმაყოფილდით ღვთისგან ნაბოძები სიკეთით.
არ იდარდოთ, თუ თქვენი ქმარი არაა მდიდარი, ან უბრალო მუშად უწევს მუშაობა. შეხედეთ ღარიბ, გაჭირვებულ ადამიანებს და ღმერთს მადლობა უთხარით ჯანმრთელობისა და იმ კეთილდღეობისათვის, რაც გაქვთ. არ იწუწუნოთ და არ მოინდომოთ შეუძლებელი. მიეხმარეთ ქმარს მომჭირნეობაში. არ დახარჯოთ მისი ფული უმიზნოდ, განსაკუთრებით მაშინ, თუ იცით, რომ ის არ მოგიწონებთ ამ დანახარჯს. გაუფრთხილდით მის ქონებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე უარი უნდა თქვათ, - უბრალოდ, წინ გაიხედეთ, მომავალზე იფიქრეთ და დაგეგმილად იმოქმედეთ.
4. დააფასეთ ქმრის მზრუნველობა და იყავით მისი მადლიერი.
ყველაზე შეყვარებულ ქმარსაც კი არ შეუძლია აიტანოს უმადური ცოლი, რომელიც მის სიკეთეს ვერ აფასებს. თუ მის ღვაწლს დააფასებთ, ის გახარებული იქნება, ეყვარებით და შეეცდება უფრო მეტი გააკეთოს თქვენი სიამოვნებისათვის. უმადურობის შემთხვევაში კი გაწბილებული საკუთარ თავს ეტყვის: „რისთვის გავუკეთო? ის ხომ არასოდეს დააფასებს ჩემს შრომას!“
5. იყავით ქმრის ერთგული.
ერთგულება და პატივისცემა ყველაზე აუცილებელი რამაა ოჯახური ბედნიერებისათვის. დაიცავით ოჯახის სიწმინდე. თავიდან აიცილეთ ნებისმიერი აკრძალული ურთიერთობა. გაუფრთხილდით ოჯახის საიდუმლოს, განსაკუთრებით ისეთს, რის შესახებაც ქმარს არ სურს მოუყვეს სხვებს. თქვენი პირადი ცხოვრება და ოჯახური საიდუმლოებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს მეგობრებისა და დაქალების განხილვის საგანი. ქმარმა ყოველთვის უნდა იგრძნოს თქვენი თანადგომა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პრობლემები აქვს. ამ დროს ძალები და სახსრები არ დაიშუროთ მის დასახმარებლად. გაიზიარეთ მისი სიხარული და მწუხარება, იყავით მომთმენი, მაშინაც კი, როცა გიჭირთ. თუ ის ცუდად მოგექცათ, შეეცადეთ სიკეთით უპასუხოთ და დაანახოთ სიკეთისა და სიმშვიდის ძალა.
6. იყავით დამთმობი.
გააკეთეთ ყველაფერი, რომ ქმარი ოჯახის უფროსი იყოს, თქვენ კი მისი მრჩეველი და დამხმარე!
7. თავიდან აიცილეთ კონფლიქტები.
ეცადეთ წონასწორობა არ დააკარგვინოთ, მაგრამ თუ მაინც ვერ შეძელით ამის თავიდან აცილება, შეეცადეთ მის დამშვიდებას. თუ დამნაშავე ხართ, მოუბოდიშეთ. თუ ისაა დამნაშავე, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და არ გახდეთ კამათის ინიციატორი. დაიცადეთ სანამ დამშვიდდება და შემდეგ მშვიდად განიხილეთ არსებული პრობლემა. თუ ისეთ საკითხზე ბრაზობს, რომელიც თქვენს ოჯახს არ ეხება, ჩუმად დაელოდეთ მის დამშვიდებას და შემდეგ შეეცადეთ „თქვენი თვალებით“ დაანახოთ სიტუაცია, აზრი შეაცვლევინოთ, აჩვენოთ, რომ ცდება და შესაძლებელია ამ საკითხის მშვიდად გადაწყვეტა.
8. იყავით მზრუნველი და კეთილგონიერი დედა.
შეეცადეთ შვილები გყავდეთ ყოველთვის მოვლილნი, მოწესრიგებულნი. სწორ კვებასა და დღის რეჟიმს შეაჩვიეთ ისინი. იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და კარგ მანერებზე.
9. პატივი ეცით ქმრის ახლობლებსა და მეგობრებს.
იყავით მეუღლის მშობლებისა და ახლობლების მიმართ თბილი, მეგობრული და კეთიგანწყობილი. ყოველთვის გახარებული შეეგებეთ ქმრის სტუმრებს და გაუმასპინძლდით. არასოდეს შექმნათ ისეთი სიტუაცია, როდესაც მას არჩევანის გაკეთება მოუწევს თქვენსა და მათ (დედა, მამა, და, ძმა, მეგობარი...) შორის. ეცადეთ მათთან ახლო ურთიერთობა გქონდეთ - ერთად აღნიშნეთ დღესასწაულები, აჩუქეთ საჩუქრები..
10. გახადეთ თქვენი სახლი მყუდრო და კომფორტული.
შეინარჩუნეთ სახლში სისუფთავე, მორთეთ ყვევილებითა და მოაწყვეთ კომფორტული ავეჯით. შეეცადეთ დროთა განმავლობაში ცვლილებები შეიტანოთ, რომ მოსაწყენი არ იყოს (მაგალითად, შეცვალეთ ავეჯის განლაგება). მოამზადეთ გემრიელი და სასარგებლო საჭმელი. თავი გაართვით საოჯახო საქმეებს.
ამ რჩევების წაკითხვის შემდეგ ზოგიერთ თანამედროვე ქალს პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, მაგრამ გვერწმუნეთ, საყვარელი ადამიანისათვის ზრუნვა თავად დიდი ბედნიერებაა! ეს ის გამოცდილი მეთოდებია, რომლებსაც ბედნიერი ოჯახების ბედნიერი დიასახლისები იყენებენ. იყავით მშვიდი, მომთმენი, მორჩილი, მოსიყვარულე, ალერსიანი და ამასთანავე არასოდეს დაკარგოთ ღირსება, ზომიერება, საკუთარი თავისა და აზრის პატივისცემა, მომხიბვლელობა - რომლის გარეშეც ნებისმიერი შეყვარებული მამაკაციც კი ზურგს შეგაქცევთ. თქვენი ბედნიერება (ისევე როგორც თქვენი ქმრის) - თქვენს ხელთაა!
პერლა გისურვებთ ოჯახურ ბედნიერებას!
ავტორი: ემილი.
|