ყველას სურს იცხოვროს ლამაზ და კომფორტულ სახლში და ამასთანავე არ გაკოტრდეს მისი მოწყობით. პატარა ფართის ბინის რეკონსტრუქცია _ ეს დიდი პრობლემაა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად, შეიძლება თქვენი ბინა უფრო მოხერხებული და ვრცელი გახადოთ. ამისათვის პერლას დიზაინერი მოგცემთ რამოდენიმე გამოსადეგ რჩევას.
უნდა მოახდინოთ საცხოვრებელი ფართის ორგანიზება და შეეცადოთ გაზარდოთ გამოსადეგი ფართი.
• დავიწყოთ ყველაზე პატარა ზონით. ესაა სააბაზანო და საპირფარეშო. მათი გაერთიანებით მეტ სივრცეს მიიღებთ. ცოტაც შეგიძლიათ კორიდორის ხარჯზე მიუმატოთ.
• შესაძლებელია თქვენი ბინის გადაკეთება ეგრეთწოდებულ “სტუდიად”, ასეთ ვარიანტში სამზარეულო გაერთიანებული იქნება მეზობელ ოთახთან და კორიდორთან. ამ შემთხვევაში სასარგებლო ფართიც საგრძნობლად გაიზრდება და შედეგად ერთიანი ვრცელი სივრცე შეიქმნება.
• არ არის რეკომენდირებული სველი წერტილების სხვა ადგილზე გადატანა. არ შეიძლება ის გადაიტანოთ თქვენი მეზობლის საცხოვრებელი ოთახის თავზე. ეს ადრე თუ გვიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით.
• რაც შეეხება საძინებელ ოთახს, კარგი იქნება თუ ჯერ შეიძენთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელს, მაგალითად საწოლს და შემდეგ მასზე ორიენტირდებით. შეუძინეთ მას ორი შესაფერისი პატარა ზომის ტუმბო. ოთახში დარჩენილ თავისუფალ ადგილას მიაშენეთ შესაფერისი ფორმისა და ზომის კარადა და სარკისათვის თუ ადგილი აღარ დაგრჩებათ, შეგიძლიათ კარადას სარკიანი კარები გაუკეთოთ და ამით დაკმაყოფილდეთ.
• ვიზუალური ზომების ოპტიკურად გადიდება ან შემცირება ფერებითაც შეიძლება. მაგალითად ღია ცისფერ ტონალობაში შეღებილი ოთახი, უფრო დიდი მოცულობის ჩანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. და პირიქით, წითელ, ან ინტენსიურ ნარინჯისფერში შეღებილი კედლები, ოპტიკურად უფრო მცირე ზომისას აჩენს ოთახს.
• აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ პატარა ფართის ბინაში კედლები უნდა შეიღებოს ძალიან გაზავებული, ღია ფერებით (მონაცრისფრო-მოცისფრო, მონაცრისფრო-მომწვანო, კრემისფერი...).
• ფერები ოპტიკურად ასევე მოქმედებენ ჭერის სიმაღლეზეც. ის რომ უფრო მაღალი გამოჩნდეს, კედლები და ჭერი ერთ ფერში უნდა შეიღებოს. უმეტესად ჭერს თეთრად ღებავენ. მაგრამ ოთახი უფრო მყუდრო რომ გახდეს, ჭერი შეიძლება შეიღებოს ღია ნაცრისფერ ან მოყვითალო (ბეჟი) ფერში.
• ასევე მნიშვნელობა აქვს ორნამენტებსაც. შპალერის არჩევის დროს. ვერტიკალური ზოლები ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. ჰორიზონტალური კი კედლებს უფრო განიერს აჩენს. დიდი ზომის ორნამენტები ოპტიკურად ამცირებს ოთახის მოცულობას. ამიტომ რაც შეიძლება პატარა ზომის ორნამენტებიანი შპალერი უნდა გამოიყენოთ, რის ხარჯზეც მოახერხებთ ფართის ვიზუალურად გაზრდას.
• ოპტიკურად ფართის გაზრდის ყველაზე საუკეთესო ხერხია სარკის გამოყენება თქვენს ინტერიერში. თუ დიდი ზომის სარკეს პირდაპირ, ჩარჩოს გარეშე მიამაგრებთ კედელზე, ის თქვენს ოთახს ორმაგად დიდს გამოაჩენს.
ავტორი: ემილი
ნებისმიერი კითხვით, პერლას დიზაინერთან, მოგვმართეთ მისამართზე: dizaini@perla.ge
|