- რა გიჭირავს ?
- გუტენბერგის ბიბლია - იშვიათი წიგნების განყოფილებაში იყო.
- გგონია ღმერთი გადაგარჩენს?
- არა, ღმერთის არ მწამს...
- მაშინ ბიბლია რად გინდა?
- ვიცავ!... მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნია. მე თუ მკითხავთ დამწერლობის გამოგონება ადამიანის უდიდესი მიღწევაა. შესაძლოა გაგეცინოს, მაგრამ თუ დასავლური ცივილიზაცია განადგურდება - მის მცირე ნაწილს მაინც გადავარჩენ...
/ დღე ხვალის შემდეგ / The Day After Tomorrow - რეჟისორი რობერტ ემერიხი/
ბიბლიოთეკარსა და მოსწავლე გოგონას შორის შემდგარი - ჩემთვის ძალიან საგულისხმო და მნიშვნელვანი დიალოგი - ამ ,,ძალიან ჰოლივუდური" ფილმიდან. ამავე ფილმში ბიბლიოთეკარი ხელიდან ართმევს იგივე ბავშვს ფრიდრიხ ნიცშეს - ტექსტით - ,,ნიცშეს ვერ დაგაწვევინებთ!..."
პროფესია ბიბლიოთეკარი.
არ დამეზარა და პროფესიულ სტანდარტებშიც ჩავიჭყიტე - / სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2015წ/ - სადაც თქმულ არს, რომ - ,, ბიბლიოთეკარი არის სპეციალისტი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს საბიბლიოთეკო დოკუმენტების (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, რუკა, პლაკატი, ნოტი, CD, ფირფიტა, ფურცლოვანი გამოცემა) - მიღებას, დამუშავებას, შენახვასა და მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას."
კვალიფიკაციის დონე ევროპულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით: მეოთხე. მერე დავინტერესდი ეს კვალიფიკაციის დონე რას გულისხმობდა - აქაც გავარკვიე - ანუ, ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების მიმართულებით. (სულ შვიდია: (არც ეს მეზარება - უნდა გაგიზიაროთ) - 1. აკადემიური პროფესიული ხარისხი 2. პროფესიული ბაკალავრის ხარისხი 3. ბაკალავრის ხარისხი 4. ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების მიმართულებით 5. მაგისტრის ხარისხი 6. მაგისტრის ხარისხი ხელოვნების მიმართულებით 7. დოქტორის ხარისხი (PhD))
ერთი მძიმე პერიოდი უკვე გადაიარეს ბიბლიოთეკებმა და მისმა ქურუმებმა... მეორე ათასწლეული სამყაროს არა, მაგრამ - ჩემს უბანში ძველი ბიბლიოთეკის დასასრულით აღინიშნა. კარი გამოიხურეს... დააწვიმა, დაათოვა, მინები აღარ შერჩა... მიტოვებული სახლი თვალებღია მიცვალებულს ჰგავსო - აი მიტოვებული ბიბლიოთეკა - სვავების ნაკორტნი მიცვალებულია... გაშლილი და გაფანტული, გამოშიგნული, რეანიმაციას ვეღარ დაქვემდებარებული წიგნებით...
ჩემმა ლიტერატურის მოყვარულმა მეგობარმა - გატეხილი ფანჯრიდან, დიდი რისკის ფასად, დალაშქრა უპატრონოდ დატოვებული, ეშმაკებდაპატრონებული შენობა და ასე მოხვდა ჩემს თაროზე ნაპარავი ,,კლოუნის თვალთახედვა" და ,,მისტერიები" (ბიოლს - მხოლოდ ,,უკაცო სახლით" და კნუტ ჰამსუნს - დაგნი იუელთან და ედუარდ მუნქთან კავშირის გამო ვიცნობდი მაშინ... )
ვერ მოვიტყუები - არ ვიყავი ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი. საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს და კიდევ ოჯახის ახლობელთან - თაროზე სულ ფურცელგაუჭრელი წიგნები მხვდებოდა - ინტერიერის ნაწილის ფუნქციით (სამწუხაროდ ყველამ ვიცით, რომ უამრავ ოჯახში წიგნის ტრადიცია მხოლოდ თაროების შევსებას ემსახურებოდა) - მიშვებული ვიყავი ნებაზე - ენის ლაგამივით ვჭრიდი ამ ფურცლებს და ვამეტყველებდი... და მაინც, მქონდა შეხება - ჯერ სკოლის ბიბლიოთეკასთან და შემდეგ, სტუდენტობისას - - საჯაროსთან. არ ვიცი ვის როგორ - მაგრამ ზუსტად ის მისტერიაა - რასაც მორწმუნე მლოცველი ტაძარში შესვლისას განიცდის... ხის იატაკი, სიმყუდროვე და რაც მთავარია - საოცარი სუნი... წიგნების სუნი...
ხშირად მიფიქრია, რა ბედნიერი ვიქნებოდი ბიბლიოთეკა ჩემი ცხოვრების და პროფესიის ნაწილი რომ ყოფილიყო... კიდევ კარგი - მხოლოდ ოცნების ნაწილი იყო და ასეც დარჩა...
30 აპრილს ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჩვენთანაც აღინიშნება (წესით) და აღინიშნა კიდეც (!) თან - საოცრად (!!!) (ის რისი დაწერაც მინდა ახლა - ამ ფორმატს სცილდება და ვეცდები კულტურულ ჩარჩოებს არ გავცდე... ) უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ჩემს მეგობარ ბიბლიოთეკარს - 30 აპრილი ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის ბრძანებით მიულოცეს...
აქ უნდა შევწყვიტო სტატია...
No comment...
ნუ დაგვავიწყდება, რომ
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა...
წიგნს ღმერთი მოჰყავს ჩვენთან...
p.s. მსოფლიოს ულამაზესი ბიბლიოთეკები მოვძებნე გუგლში. რა ვქნა, ოქსფორდისას გულგრილად ვერ ჩავუარე - ,,ჩემი" ჰოგვორტსის არქიტექტურაა...
p.s.s. გუტენბერგის ბიბლიასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო სიტყვა ვიპოვე გუგლში - ინკუნაბულა. (ლათინურად - ,,აკვანს" ,,საწყისს" ნიშნავს). ამ წიგნით დაიწყო წიგნების მასიური წარმოების ახალი ერა დასავლეთში.
p.s.s.s. რეი ბრედბერის ,,451º ფარენჰაიტით" - ანტიუტოპიური რომანიო... არ ,,გავიჩალიჩებთ" იმედია და დოკუმენტურად არ ვაქცევთ...
ავტორი: ლიკა მახათაძე
2019-05-03
|