სანამ საგაზაფხულოდ გარდერობის განახლებას შევუდგებით, კარგი იქნება თუ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების წინადადებებს გადავხედავთ, შევაფასებთ სიტუაციას მსოფლიო მოდის სფეროში არსებულ ბაზარზე; გავარკვევთ ამ სეზონისთვის დიზაინერებისაგან შემუშავებულ შტრიხებს, ფორმებსა და ფერებს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მშვიდად გადავიდეთ საქმეზე.
დიზაინერებმა საკმაოდ კაშკაშა, სხვადასხვა ფერთა გამაში გადაწყვეტილი ფეხსაცმელების კოლექციები შემოგვთავაზეს 2012 წლის გაზაფხულისთვის. ამ სეზონზე აქტუალურია მკვეთრი ფერები: ლურჯი, მწვანე, სტაფილოსფერი, წითელი... ამასთანავე აქტუალობას არ კარგავს კლასიკური შავი ფერი.
რა თქმა უნდა, ყველა სამოსსა და აქსესუარს არ მოუხდება მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი, მაგრამ თუნდაც ერთი ასეთი ნივთი აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს მოდას აყოლილი მანდილოსნის გარდერობში.
კლასიკურ ვარიანტად ყოველდღიური ცხოვრებისთვის ან სამსახურისათვის კვლავ რჩება შავი, თეთრი, ყავისფერი ან ბეჟი ფერის ფეხსაცმელები, რომლებიც ნებისმიერ ჩაცმულობას უხდება. ასევე პოპულარობის პიკს ინარჩუნებენ ნაზ ფერთა გამაში გადაწყვეტილი ფეხსაცმელები, განსაკუთრებით თუ მას იგივე შეფერილობის სამოსთან ერთად ვატარებთ.
მოდურ ტენდენციად ითვლება კონტრასტული შეხამება. ყურადღება უნდა მოვაქციოთ ასევე სხვადასხვაგვარ უზორებს და გეომეტრიულ ფიგურებსაც.
2012 წლის გაზაფხულზე განსაკუთრებით მყარ პოზიციას ინარჩუნებს ბრჭყვიალა ფეხსაცმელები. ისინი, რა თქმა უნდა, ყოველდღიური მოხმარების ფეხსაცმელებს არ წარმოადგენენ, პირიქით, საჭიროებენ გარემოებისა და სამოსის ფრთხილად შერჩევას.
დიზაინერები, როგორც ყოველთვის, თავიანთი შედევრებით ქალბატონების აღტაცებას იმსახურებენ და არ აძლევენ მათ მოდუნების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ამჯერად ტენდენცია იცვლება წვრილცხვირიანი ფეხსაცმელებით. ასეთი ფეხსაცმელების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ფეხს უფრო მოხდენილს აჩენენ და მეტ ქალურობას ანიჭებენ. წვეტიანი ლითონის ცხვირები იქნება ამ სეზონის კიდევ ერთი მიმართულება.
მათთვის, ვისაც გარშემომყოფების გაოცება სურს, საუკეთესო ვარიანტი იქნება ექსტრავაგანტული მოცულობითი ფეხსაცმელები. თამამ და შეუზღუდავ მანდილოსნებს შეუძლიათ მიმართონ ტლანქი, მასიური ფეხსაცმელისა და მსუბუქი, ჰაეროვანი კაბის სიმბიოზს, რაც მათ უდაოდ გამოარჩევს ერთფეროვანი მასისაგან.
2012 წლის გაზაფული-ზაფხულის ჰიტად გვევლინება ფეხსაცმელები პლატფორმებსა და ტანგეტკებზე. ისინი მოხდენილიცაა, მოხერხებულიც, თანაც მათში ფეხი უფრო მაღალი მოსჩანს. მათთვის, ვინ სიმაღლით ვერ დაიკვეხნის, ეს იდეალური ვარიანტია. წელს ძალიან პოპულარული იქნება მოდელები პლატფორმასა და წვრილ მაღალ ქუსლებზე, განსაკუთრებით კი კორპის ძირებზე.
მოდას აყოლილ მანდილოსნებს არც ეგრეთწოდებული "ბალეტკები" დატოვებენ გულგრილს. ისინი შეიძლება ატაროთ როგორც რომანტიულ, ასევე სპორტულ სამოსთან. დახურული "ბალეტკები" საუკეთესო არჩევანია გაზაფხულის გრილ ამინდში სეირნობისათვის, ამიტომაც უკვე რამდენიმე სეზონია პოპულარობას ინარჩუნებენ.
რაც შეეხება აქსესუარებს ფეხსაცმელებისათვის, აქტუალურია თასმები (ტყავის, ლენტების, ჯაჭვების) და მოქლონები. ასევე ჰიტად ითვლება დაწნული ფეხსაცმელები, რომლებმაც ღირსეული ადგილი დაიკავეს ამ სეზონისათვის. მათი თასმები ხასხასა ფერისა და მასალისაა, წნულები კი ორიგინალური და მრავალფეროვანი.
ნებისმიერი მანდილოსნისთვის ფეხსაცმელი სტილისა და გემოვნების ყველაზე მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს. ამიტომაც მისი არჩევისას მეტი სიფრთხილე და მიზანმიმართულებაა საჭირო. თქვენ უკვე გაეცანით 2012 წლის საგაზაფხულო ფეხსაცმელების მოდას. გისურვებთ წარმატებებს არჩევანში!
პერლა თქვენი მეგობარია!
|