გაიღიმეთ! ოქტომბრის პირველ პარასკევს მსოფლიოს საერთაშორისო ღიმილის დღეა. ეს დღე პირველად 1999 წელს აღნიშნეს და აქედან მოყოლებული ყოველწლიურად ზეიმობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი დევიზი გახლავთ: „Do an act of kindness. Help one person smile"- „ქენი სიკეთე - გააღიმე ერთი ადამიანი!"
ალბათ დაგაინტერესებთ ვის სახელს უკავშირდება ასეთი თბილი და ლამაზი დღესასწაული. ეს გახლავთ ამერიკელი მხატვარი - ჰარვი ბელი. 1963 წელს მას სადაზღვევო კომპანიამ ლოგოს დიზაინი შეუკვეთა, რომელიც ადამიანებს პოზიტივს მიანიჭებდა და ადვილად დაამახსოვრდებოდათ. მხატვარმა მარტივად გადაწყვიტა საქმე: დახატა ყვითელი წრე რომელსაც მომღიმარი სახე გაუკეთა. ეს ლოგო დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი და ძალიან გავრცელებულია „სმაილის" სახელით. და რომ არა ეს იღბლიანი შემთხვევა, ამ არც თუ გამორჩეულად ნიჭიერი მხატვრის სახელი დღეს არავის ეცოდინებოდა.
ლოგომ მოწონება დაიმსახურა, რაშიც ბელმა 50$ ანაზღაურება მიიღო. მალევე ეს ლოგო მაისურებზე, კონვერტებზე, ასანთის კოლოფებსა და ღია ბარათებზე გაჩნდა. მოგვიანებით აშშ-ის ფოსტამ კი "სმაილის" გამოსახულებიანი მარკაც გამოუშვა.
ასე მოედო მსოფლიოს ყვითელი ღიმილაკი. დღეს კი ღიმილაკების მთელი არმია, მისი ენაც კი არსებობს, რის საშუალებითაც ადამიანები თავიანთ განწყობას გამოხატავენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია უმარტივდებათ.
ასე, რომ გილოცავთ ღიმილის დღეს!
სულ ღიმილით გაბრწყინებულებს გევლოთ!
ავტორი: ემილი
2016-10-04.
|