მშრალი ტიპის კანი ძალიან ხშირია მანდილოსნებში და მას განსაკუთრებული დისკომფორტი ახლავს თან (სიწითლე, ბზარები, ქავილი და სხვ.).
კანის სიმშრალე ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ზოგჯერ - ასაკთან ერთად მოდის. ასევე შესაძლებელია გამოშრობა ძლიერმოქმედი საპნების რეგულარულმა მოხმარებამ გამოიწვიოს.
ცნობილია, რომ მშრალი ტიპის კანი უფრო მალე ბერდება. ამიტომ მას ფაქიზი მოვლა ესაჭიროება ძველებური ელასტიურობისა და ბრწყინვალების დასაბრუნებლად.
იმის შემდეგ, რაც დაადგენთ, რომ მშრალი კანი გაქვთ, აუცილებელია მასზე იზრუნოთ:
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დაბანას. უნდა იცოდეთ, რომ დაბანისას კანს არამარტო ჭუჭყს აცლით, არამედ ბუნებრივ დამცავ ცხიმის საფარსაც, რომელიც აუცილებელია მისთვის. ცხელი წყალი უფრო მეტად აშრობს თქვენს კანს და შეეცადეთ თბილი (რაც შეიძლება განელებული) წყლით დაიბანოთ ხოლმე. გამორიცხეთ ძლიერმოქმედი საპნები. გამოიყენეთ დამატენიანებელი დუშის გელი ან შამპუნი, რომელიც მშრალი კანისთვისაა განკუთვნილი.
დაბანისა და გაშრობის შემდეგ მაშინვე წაისვით დამატენიანებელი კრემი, რომ კანის ზედაპირზე ტენი იყოს შენარჩუნებული. ამისათვის სქელი კრემი უკეთესია ვიდრე თხევადი საშუალებები. თუ კანი ძალიან მშრალია და იქერცლება, გაშრობამდე წაისვით საბავშვო ნუშის ზეთი ან E ვიტამინის შემცველი რომელიმე მინერალური ზეთი.
ხშირი დაბანაც მავნებელია მშრალი კანისთვის. უმჯობესია დილით მხოლოდ ცივი წყალი შეისხათ სახეზე გამოსაფხიზლებლად, ხოლო ღამით დაიბანოთ.
დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს კერამიდებს. ეს ის ინგრედიენტია, რომელიც კანს ტენიანობასაც უნარჩუნებს და დამამშვიდებლადაც მოქმედებს. არსებობს სინთეტიკური კერამიდებიც, რომელთა გამოყენებაც ფაქტიურად თავის მოტყუებაა. კანს ტენიანობას უნარჩუნებს ასევე ჰიალურონის მჟავა, ლანოლინი (Lanolin), ვაზელინი, გლიცერინი, დიმეტიკონი, მინერალური ზეთი.. ისინი ინარჩუნებენ იმ სითხეს, რომელიც კანმა ბანაობისას მიიღო. ამიტომაა საჭირო მათი გამოყენება სწორედ დაბანის შემდეგ.
კანს მზის სხივებიც აშრობს. ამიტომ აუცილებელია მზის დამცავი კრემების გამოყენება სეირნობისა თუ გარუჯვისას. შეეცადეთ ისეთი მზის დამცავი საშუალებები გამოიყენოთ, რომელთაც 15%-ზე მეტი დაცვა აქვთ მითითებული.
თუ თქვენთან მშრალი ჰავაა, გამოიყენეთ სახლში ჰაერის დამატენიანებელი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
კვების რაციონში შეიტანეთ თევზის პროდუქტები, თევზის ქონი, ომეგა 3, ნიგოზი, სტაფილო... თქვენი სახის კანისათვის აუცილებელია A და E ვიტამინები.
გარდა ამისა, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი. სწორი კვება, კარგი ძილი, ფიზიკური ვარჯიში, დასვენება და მშვიდი გარემო ყველა ტიპის კანს სჭირდება იმისათვის, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდეს.
ავტორი: ემილი
2015-11-15
|