გვიახლოვდება მარტი, გიჟური ვნებებით, გადამეტებული ემოციებით აღსავსე. ბუნება იღვიძებს და მასთან ერთად იღვიძებს ჩვენი ემოციებიც. იცვლება ამინდი და იცლება ჩვენი განწყობაც, მძაფრდება ვნებები და თავის გაკონტროლება ძნელდება, განსაკუთრებით კი ქალებისათვის. ჩვენ ხომ ისედაც სენტიმენტალურები ვართ. დგება მარტი და თვალებიდან ცრემლები უფრო და უფრო ხშირად ცვივა... და მოედინებიან ნაკადულები...ხშირად საკუთარ თავსაც კი ვეკითხებით: "რა მატირებს?" და მაინც, ცრემლებით გვევსება თვალები, ყელში ბურთი გვაქვს მოწოლილი და სიტყვის წარმოთქმაც კი გვიჭირს.
არ ღირს შეშინება, პირველ რიგში ეს გაზაფხულია, მეორეც - ეს საპატიოა და მესამე - სასარგებლოცაა.
ცრემლები გამომუშავდება პატარა ჯირკვლებით, რომლებიც მოთავსებულია ჩვენი თვალის გარე კუთხეში. ადამიანი თვალს ახამხამებს წუთში 10-15-ჯერ. ამ დროს თვალი იფარება სითხის ძალიან თხელი ფენით, რომელიც მას იცავს მტვერისაგან, ინფექციებისაგან, ძლიერი ქარისაგან და სიცივისაგან. დღის განმავლობაში გამოიყოფა 4000 წვეთი, ხოლო მთელი ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 70 ლ ცრემლი. რეფლექტორული ცრემლის გამოყოფა იზრდება ნებისმიერი გაღიზიანების დროს (მტვრის ნაწილაკით, კვამლის ან სულაც ხახვის დაჭრის შედეგად). სულ სხვა საქმეა ემოციების გამო წამოსული ცრემლი. განსხვავდება თუ არა ემოციური და რეფლექტორული ცრემლების შემადგენლობა? ამ საკითხით დაინტერესდა მინიაპოლისელი ბიოქიმიკოსი უილიამ ფრეი.
ფრეიმ და მისმა კოლეგებმა ცრემლებზე კვლევებს 20 წელი მიუძღვნეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ემოციურ ცრემლებში 20%-ით მეტი ცილებია, ვიდრე რეფლექტორულში. ემოციურ ცრემლებში არის ნივთიერება ენდოფრინი (მორფინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება). ამიტომაა, რომ ცრემლები ამსუბუქებს ფიზიკურ ტკივილს. ცრემლი ასევე შეიცავს ანიტიბაქტერიულ ფერმენტს _ ლიზოციმს. კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ცრემლებისა არის - პროლაქტინი, ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს სარძევე და საცრემლე ჯირკვლებს და უზრუნველყოფს კარგ განწყობას. ფრეის გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ცრემლები არის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია სტრესისა და ტკივილის დროს.
მეორე მკვლევარმა, ფსიქოლოგმა, არტურ ჯეინოვმა თავის წიგნში "პირველი ყვირილი" დაწერა: "ტირილი კურნავს არამარტო ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ავადმყოფობასაც".
რატომღაც, ჩვენი ორგანიზმის ეს ბუნებრივი ფუნქცია სამარცხვინო სისუსტედ ითვლება. ხშირად თავს ვუკრძალავთ თავისუფლება მივცეთ ემოციებს, ვყლაპავთ ცრემლებს და ამის შემდეგ მკურნალობა გვჭირდება უგუნებობისა და დეპრესიისათვის. საერთოდ, რაც მეტია ცრემლები, მით მეტად გვიმსუბუქდება გაჭირვების გადატანა. ცრემლებში არის განკურნება. ფსიქოთერაპევტების ამოცანაა, ადამიანს თავიდან გადაატანინონ ის, რამაც მას სულიერი ტრავმა მიაყენა (ტრაგედია, უსამართლობა, წყენა). მათი მისია დროში თავისუფალ მოგზაურობას ემსგავსება. თუ ფსიქოთერაპიის დროს პაციენტს ცრემლები მოადგა, ეს ნიშნავს, რომ კრიზისმა გაიარა და დადგა განწმენდისა და კათარზისის მომენტი. ხშირად უბედურებას ცრემლების გარდა ვერაფრით უშველი.
ავსტრალიელმა ფსიქოთერაპევტმა ჯეიმს კეტლერმა ცრემლებს მთელი წიგნი მიუძღვნა. ის ცრემლებს უწოდებს ურთიერთობის უნივერსალურ საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს ემოციების გულწრფელად გამოხატვას. ამასთან ერთად აღიარებს, რომ ცრემლები არის ძლიერი საშუალება ადამიანებით მანიპულირებისათვის.
სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ქალების 50% ხშირად იყენებენ ცრემლებს, როგორც ბოლო არგუმენტს კამათის დროს. მიმართო ემოციებს უფრო "კეთილშობილი" საქმეა, ვიდრე ლოგიკური არგუმენტების მოყვანა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი არა გაქვს. მთავარია იყოთ ემოციურად დამაჯერებლები და თუ ორი მოკამათიდან ერთ-ერთი უცბად ატირდება, გარშემომყოფთა უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს.
სტატისტიკის მიხედვით ქალები მამაკაცებზე 5-ჯერ უფრო მეტს ტირიან. რატომ? სექსუალური სიმწიფის პერიოდამდე ჰორმონი პროლაქტინი ვაჟებს და გოგონებს ერთნაირი რაოდენობით აქვთ და ისინი ერთნაირად ტირიან. უფროსი ასაკის ქალებს ეს ჰორმონი 60%-ით მეტი აქვთ მამაკაცებზე და ამიტომ უფრო ხშირადაც ტირიან. ქალების ცრემლები მამაკაცის ცრემლებზე 0,5 გრადუსით უფრო თბილია და უფრო ადვილად მოედინებიან. ამიტომაც არის, რომ ქალები მამაკაცებზე მეტ ხანს ცოცხლობენ.
• ძველი ბერძნები და რომაელები საფლავის ქვებზე ღრმულებს აკეთებდნენ ცრემლებისათვის, რომელსაც ლაკრიმატორები ერქვა.
• რომაელ ლეგიონერებში ბრძოლის წინ სიბრაზის ცრემლები სიმამაცის ნიშნად ითვლებოდა. მხდალები მხოლოდ ფითრდებოდნენ, მაგრამ თვალები მშრალი ჰქონდათ.
• ყველაზე ხშირად ტირიან საღამოს 19-22 საათამდე. ამ დროს წუთში საშუალოდ 50 ცრემლს ღვრიან.
• მშრალი თვალის სინდრომი ან საცრემლე ჯირკვლების ფუნქციის მოშლილობა ახასიათებთ მძღოლებს, გადამეტებულად ტელევიზორის მოყვარულებს და იმათ, ვისაც უწევს დიდხანს მუშაობა კომპიუტერთან. დროთა განმავლობაში ეს სინდრომი შეიძლება გადაიზარდოს კონიუნკტივიტში ან რქოვანას წყლულში. მას მკურნალობენ ხელოვნური ცრემლებით.
• თაგვებს, რომლებსაც ამოაჭრეს საცრემლე ჯირკვლები, დაეწყოთ ბეწვის ცვენა და ჭრილობები უფრო ნელა უხორცდებოდათ, ვიდრე დანარჩენ თაგვებს.
• ნიანგები ნანადირევის ჩაყლაპვის დროს ტირიან. არა იმიტომ, რომ ეცოდებათ მსხვერპლი, არამედ საკვების გადამუშავაბისათვის. ამიტომაცაა რომ ნიანგის ცრემლები პირფერობის სიმბოლოა.
ავტორი: ემილი.
2011-02-27. |