მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტი ჩნდება არა მხოლოდ განსხვავებული ღირებულებების გამო, არამედ იმიტომ, რომ შვილები უბრალოდ სათანადოდ არ იცნობენ თავიანთ მშობლებს და მშობლები კი თავიანთ შვილებს. ამიტომ პირველ რიგში ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ვეცადოთ და საკუთარი შვილები კარგად უნდა გავიცნოთ, ამასთანავე ჩვენი თავიც უნდა გავაცნოთ მათ. ამაში რთული არაფერია. საჭიროა მხოლოდ მეტი ყურადღება.
ითამაშეთ ბავშვებთან ერთად. ბავშვთან თამაშის დროს თვითონაც ნამდვილად უნდა თამაშობდეთ, არ უნდა აკეთებდეთ თამაშის იმიტაციას, თორემ ბავშვი იგრძნობს თქვენს სიყალბეს. თქვენში უნდა გააღვიძოთ მივიწყებული ბავშვობა, თავიდან უნდა იქცეთ ბავშვად, მხიარულად გატაცებით და ენთუზიაზმით უნდა შეძლოთ თამაში. მიეცით თავისუფლება თქვენში მიძინებულ ბავშვს. ეს თქვენ დაგეხმარებათ გახდეთ კარგი მშობელი. თქვენს შვილს კი თქვენთან ძალიან ბევრი საერთო გაუჩნდება. ტყუილად კი არ აღნიშნავენ ფსიქოლოგები, რომ ზრდასრულ ადამიანს თუ უნარი აქვს პატარა ბავშვივით ითამაშოს, ეს ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია მისი ფსიქიკური სიჯანსაღისა.
მოუყევით მათ თქვენი ბავშვობის შესახებ. ძალიან ხშირად ბავშვი აღიქვამს თავის მშობლებს, როგორც მის გარშემო სამყაროს ნაწილს, რომელიც იყო, არის და იქნება. მას ვერ წარმოუდგენია, რომ დედას და მამას ოდესღაც გამოცდილი აქვთ მსგავსი გრძნობები, ეჯახებოდნენ ისეთივე პრობლემებს, რაც მას აწუხებს. ეს ხშირად თაობებს შორის გაუგებრობის მიზეზია. შეეცადეთ თქვენს შვილს გადასცეთ ის აზრი, რომ თქვენც იყავით პატარა, ასევე იყავით შვილი, გქონდათ ბავშვური პრობლემები, მათსავით გიხაროდათ, გჯეროდათ, გწყინდათ.
ჩაერთეთ ერთობლივ შემოქმედებაში. შეასრულეთ თქვენს შვილთან ერთად შემოქმედებითი სამუშაო. პირველ რიგში, ეს უდიდესი სიამოვნებაა, მეორეც: ეს ბავშვს განავითარებს. და მესამეც: იქნებ უეცრად აღმოაჩინოთ ახალი მოწოდება თქვენს თავში. თუ თქვენს შვილს აქვთ სიმღერის ნიჭი - იმღერეთ ერთად, ოღონდ არ დაგავიწყდეთ რომ მას დაუტოვოთ მთავარი პარტია და წამყვანის როლი არ წაართვათ. თუ ხატვა უყვარს - დახატეთ ერთად, ამასთანავე არ შეიზღუდოთ ჟანრში და ტექნიკაში. სცადეთ ყველაფერი ფერადი ფანქრებიდან დაწყებული, აკვარელითა და გუაშით დამთავრებული. თუ თქვენს შვილს ლიტერატურული ნიჭი აქვს, ეცადეთ ერთად შეთხზათ ლექსები, ან ზღაპრები.
იმუშავეთ ერთად რაც შეიძლება ხშირად და თქვენ შეამჩნევთ, რომ ეს დადებითად იმოქმედებს თქვენი შვილის პიროვნულობაზე და გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას.
ავტორი: ემილი. |