იცვლება დრო და მასთან ერთად იცვლება გემოვნება, ცხოვრების სტილი, იდეალები. გვბეზრდება ყველაფერი ძველი და სულ უფრო მეტად გვინდება, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი უჩვეულოდ, ახლებურად და ამაღელვებლად გამოიყურებოდეს. ვცდილობთ გავიხალისოთ ცხოვრება და ჩვენს ინტერიერში შევიტანოთ თანამედროვე დიზაინი - უცნაური, რადიკალურად განსხვავებული იმისაგან, რაც აქამდე გვქონდა.
როცა თანამედროვე დიზაინს ვაკვირდებით, ერთი შეხედვით თავში ამოგვიტივტივდება ლოზუნგი - "შორს სტანდარტები". თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე წესად ითვლებოდა, უარყოფილია და ახლებურად, ყოველგვარი წესების გარეშეა დაგეგმილი და შესრულებული. წარმოუდგენელი და უჩვეულოა მასალების, ფერებისა და სტილების შეხამებები. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი ამ საქმეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტების დაცვას.
თანამედროვე დიზაინი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ სტანდარტებს, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს შეუთავსებელია. ამის მიღწევა არ არის ადვილი, განსაკუთრებით, თუ მხედველობაში ვიქონიებთ თანამედროვე სტილების, ფორმების, მასალების რაოდენობას (გაგიჟება შეიძლება, იმდენი რამეა ერთმანეთთან დასაკავშირებელი).
თქვენ ფიქრობთ, რომ მოხერხებული და კომფოტული შეიძლება იყოს მხოლოდ მსუბუქი კლასიკა? თანამედროვე დიზაინი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დიზაინი, საჭიროა იყოს მოხერხებული. ის ხომ ადამიანისთვის იქმნება. ცხოვრება ჰარმონიის გარეშე კი მხოლოდ თვითგვემაა და მეტი არაფერი. შესაბამისად ინტერიერის დიზაინერმა უნდა გადაწყვიტოს როგორი საშუალებებით შექმნას გარემო, სადაც ისეთი მასალები, როგორიცაა ლითონი და მინა, მოხერხებული და კომფორტული იქნება ადამიანის ცხოვრებისთვის.
დიახ, ჰარმონიის და კომფორტის გარეშე თანამედროვე დიზაინის წარმოდგენა შეუძლებელია. ამ დროისათვის დიზაინერების, არქიტექტორებისა და მასალათა მწარმოებლებისაგან მთელი რიგი დახვეწილი, არაჩვეულებრივი გადაწყვეტაა შექმნილი თანამედროვე ინტერიერისათვის.
ავტორი: ემილი.
|