მასალა:
კვერცხი - 2 ცალი,
შაქარი - 1 ჩ/ჭ,
კარაქი - 100 გრ,
რძე -1,5 ჩაის ჭიქა,
საფუარი - 1 ჩ/კ.
ფქვილი - 0,5 კგ-მდე.
ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, ილი (დაფქული) - გემოვნებით.
მომზადების წესი:
ნახევარი ჭიქა თბილი რძეში ჩავყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ფქვილი, საფუარი, კარგად მოვურიოთ და დავდგათ თბილ ადგილზე. სანამ საფუარი ამოსვლას დაიწყებს, გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი გათეთრებამდე, დავამატოთ თბილი რძე, შაქარი, გამდნარი კარაქი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი, ილი და კარგად ავურიოთ. ამასობაში საფუარიც ამოვა. დავუმატოთ ის გამზადებულ მასას და შევურიოთ იმდენი ფქვილი, რომ ჩვილი ცომი გამოვიდეს, ვზილოთ დიდხანს. თუ ცომი ხელზე გეკრობათ, დაისველეთ ხოლმე ზეთით და მანამდე ზილეთ, სანამ ხელზე არ მოგცილდებათ. შემდეგ შეფუთეთ და დადეთ თბილ ადგილზე სანამ არ გაფუვდება და ზომაში 2-ჯერ არ მოიმატებს.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ, მივცეთ ისეთი ფორმა, როგორიც ფოტოზეა ნაჩვენები, თვალები შეგვიძლია ყავის მარცვლებით, ალუბლის მურაბით ან სულაც ქიშმიშით (რაც მოგეპოვებათ) გავუკეთოთ და შევდგათ გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად.
ნაზუქის თავზე მოსასმელად 1 კვერცხის გულს დავუმატოთ 1 კოვზი რძე და კარგად ავურიოთ. ნაზუქი რომ სანახევროოდ გამოცხვება, გამოვიღოთ აირღუმელიდან, წავუსვათ გამზადებული მასა "თოვლის პაპას", დავტოვოთ მხოლოდ ცხვირისა და ქუდის ადგილი. დარჩენილ მასას დავუმატოთ ცოტაოდენი წითელი საკონდიტრო საღებავი (თუ ეს არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ წითელი მურაბის წვენიც გამოიყენოთ, ან ჭარხლის წვენი), გადავუსვათ ქუდზე და ცხვირზე. ამის შემდეგ შევაბრუნოთ ისევ ღუმელში სანამ საბოლოოდ არ გამოცხვება.
შესამოწმებლად, გამომცხვარია თუ არა, შეგიძლიათ ასანთის ღერი ჩაურჭოთ. თუ ცომი არ ამოგყვებათ, ესეიგი „თოვლის პაპა" მზადაა.
სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ გაციებული, ხილის ასორტთან ერთად და დაამშვენოთ თქვენი საახალწლო სუფრა.
პერლა გილოცავთ ახალ წელს!
PS: ასეთი რეცეპტით ნაზუქები შეგიძლიათ სხვა დროსაც გამოაცხოთ (არა მარტო ახალ წელს), ოღონდ მომზადებისას დაუმატეთ ქიშმიში და წვრილად დაჭრილი ნიგოზი თქვენი გემოვნების მიხედვით, გააბრტყელეთ, მიეცით ნებისმიერი ფორმა და გამოაცხვეთ.
ავტორი: ემილი
|