ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა სასაუბრო ენა აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ისინი სხვა და სხვა ენზე მეტყველებენ. შეიძლება ორივე მათგანი ქართულად, ფრანგულად ან არაბულად საუბროდეს, მაგრამ არსებობს ქალური და მამაკაცური ენა.
ეს განსხვავება კი პრობლემას მხოლოდ მამაკაცებს უქმნის. იქედან გამომდინარე, რომ ქალის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა, იგი პროფესიონალი ,,მეტყველია,, და ესმის ყველა ენა, სამაგიეროდ ხშირად ავიწყდება, რომ მამაკაცთან ქალური ენით საუბარი, დიდი შეცდომაა.
ის რომ მამაკაცისთვის ქალური ენა გაუგებარია, არ ნიშნავს, რომ საუბრიდან რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, უბრალოდ ვერაფრით ხვდება, რა საჭიროა ამდენი საუბარი ასე ცოტა ინფორმაციის გადმოსაცემად. მაგალითად, როცა მამაკაცი დაკავებულია, ის ამბობს ,,არ მცალია,, და ამით ყველაფერია ნათქვამი. იგივე სათქმელს ქალი ასე გამოხატავდა:
,,ახლა სამსახურში ვარ და მოხსენებას ვწერ საერთაშორისო მიგრაციაზე, იმედია უფროსს მოეწონება, მაგრამ რაღაც მეეჭვება, დღეს ისეთ ხასიათზეა, ეტყობა ცოლთან იკამათა ან ნაბახუსევია. შეიძლება არ სძინებია, დღეს უკვე მეხუთე ფინჯან ყავას სვამს. მდივანმა უსაყვედურა, ამდენი ყავა ცუდიაო. იცი ჩვენ მდივანს რა ლამაზი კაბა აცვია დღეს? აუცილებლად უნდა შევიკერო მსგავსი. ახლა არ მცალია, როცა მოვიცლი შეგეხმიანები საყვარელო,,
რა თქმა უნდა, ამდენ საუბარს კაცი უსარგებლო ყბედობად ჩათვლის, თუმცა ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ქალურ საუბარს იტანს მანამ, ვიდრე მასაც იგივე ენაზე არ მოსთხოვთ საუბარს და უარესს- ხმამაღლა ფიქრს.
ერთ საათიანი მონოლოგის შემდეგ, თქვენი წუხილის შესახებ, თუ მამაკაცისაგან მოკლე პასუხს, ან დუმილს მიიღებთ, ეს არ ნიშნავს რომ მისთვის სულ ერთი ხართ. უბრალოდ, მამაკაცის ენაზე ,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,,.. ან სულ არ ითქმის.
შესაბამისად, მამაკაცის სიტყვაძუნწობა არ ნიშნავს, რომ მას წუხილი არა აქვს. ნუ ეცდებით ამის შესახებ რაიმე ათქმევინოთ, მითუმეტეს ქალის ენაზე. მამაკაცის ნათქვამი ,,დავიღალე,, ,,ცუდად ვარ,, ან უბრალოდ სევდიანი გამოხედვა, ქალის ენაზე ნიშნავს: ,,ყველგან პრობლემაა, სახლში, სამსახურში. შენც აღარ გიყვარვარ. თანაც ხვალ დაქალის დაბადების დღეა, არც კი ვიცი რა ჩავიცვა, წონაში 2 კილო მაქვს მოსაკლები..,,
თუ მამაკაცს ეჩვენება, რომ თქვენთან ძალიან ენაწყლიანია და ყველაზე მეტს თქვენთან საუბრობს, ესე იგი ეს ის შემთხვევაა, როცა არ ღირს მისი შეწუხება ისეთი კითხვებით: ,,რას ვნიშნავ შენთვის?,, ,,გიყვარვარ?,, ,,მოგენატრები?,, ეს ისედაც ცხადია.
მამაკაცისთვის სასჯელად არ გამოდგება მუქარა ,,გაგებუტები,,. თუ მართლა გაიბუტებით და ხმას არ ამოიღებთ, ეს მამაკაცისთვის სასჯელად არ გამოდგება. თუ მართლა მისი დასჯა გსურთ, არასოდეს შეუსრულოთ ეს მუქარა და არ გაუხანგრძლივოთ ის ნეტარი წუთები, როცა ქალურ ენაზე საუბრის მოსმენა არ უწევს.
პ.ს. ,,უცხო ენაზე,, საუბრის მოსმენით გადაღლილი ან უმიზეზო გაბუტვებით განაწყენებული მამაკაცის შერიგების ოქროს წესი: მოფერება და თბილი სიტყვა, ყველა პრობლემას მოაგვარებს, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცს ქალური ენის მხოლოდ მოსმენა შეუძლია და არა გაგება. ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად, საერთო ენის გამონახვაა აუცილებელი და არა ქალური ჭირვეულობა.
|