მალე გაზაფხული მოვა და ყვავილების ჩუქება კიდევ უფრო აქტუალური გახდება. ქალისათვის ყვავილის მირთმევა წლის ნებისმიერ დროს სასიხარულოა. თუმცა, სწორად შერჩეული ყვავილი, გააორმაგებს მის სიხარულს. ზოგადად, ქალის ხასიათზეა დამოკიდებული თუ რომელი ყვავილი უფრო გაახარებს მას, თუმცა იყო დრო, როცა ერთი თაიგულით იმაზე მეტის თქმა შეიძლებოდა ქალისათვის, ვიდრე ჩვენ დროში 2 საათი ტელეფონით საუბრით ეტყოდით.
გაგიკვირდებათ, და ყვავილებსაც აქვთ ენა. ძველ დროში, როცა კომუნიკაციის ამდენი საშუალება არ იყო, სიმბოლოების ენით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი საუბრით უყვარდებოდათ კიდეც. მოდით, ვნახოთ რომელი ყვავილი რას ამბობს და იქნებ, თქვენი სათქმელი მათ ჩასჩურჩულონ თქვენ გულისწორს. ისე, კი, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის ჯობია გაიგოთ მისი საყვარელი ყვავილი და სწორედ ასეთი თაიგული აჩუქოთ.
ზოგადად ვარდი, სიყვარულის სიმბოლოა, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ფერს. წითელი ვარდი, ვნებიანი სიყვარულის მანიშნებელია, თეთრი ვარდი მეგობრობისა და მონატრების. ხოლო ყვითელი ვარდების თაიგულით, შეგიძლიათ მიანიშნოთ ადამიანს, რომ საშინლად ეჭვიანობთ.
იასამნების მირთმევით, მას აგრძნობინებთ, რომ ეს თქვენი პირველი სიყვარულია.
თეთრი შროშანები, უბიწოების, სისპეტაკის ნიშანია. ხოლო, თუ ორქიდეებს მიართმევთ ქალს, ეს ნიშნავს, რომ უზომოდ გენატრებათ და განშორება გეძნელებათ.
ყვავილების თაიგული, თავს მოუყრის თქვენს სათქმელს. მაგალითად, წითელი ვარდების თაიგულს თუ ორქიდეას შეურევთ, ჩათვალეთ რომ მან უკვე იცის, რომ უზომოდ გიყვართ და უსაშველოდ გენატრებათ.
ქრიზანთემები მეგობრობის ნიშანია. ხოლო ზამბახებით ბოდიშის მოხდა და შერიგების თხოვნა შეიძლება.
წითელი ტიტა, ნაყოფიერების სიმბოლოა, ხოლო ყვითელი, პირიქით, უნაყოფობის. მამაკაცისთვის გაგზავნილი წითელი ტიტები, მიანიშნებდა: ,,შენგან ფეხმძიმედ ვარ..,,
საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ყვავილს განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, მიხაკი, აღმოსავლეთის ქვეყნებში გლოვისა და თანაგრძნობის სიმბოლოა, ხოლო დასავლეთში მას ახლადდაბადებული შვილის, ახალი სამსახურის ან რაიმე სიახლის მისალოცად ჩუქნიდნენ.
თუ თქვენი შეყვარებული კარგად ერკვევა ყვავილების ენაში, ფრთხილად იყავით და ისეთი რამ არ აჩუქოთ, რომ ახლობლებს მიხაკები გაუხადოთ საყიდელი (აღმოსავლურად).
|